დავით კარგარეთელი: ღონისძიებამ „ჩვენ ერთად ნიკოსთვის“ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რა უდიდესი ძალა აქვს საზოგადოების ერთიანობას, თანაგრძნობასა და სოლიდარობას.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი საქველმოქმედო ღონისძიებას- „ჩვენ ერთად ნიკოსთვის“ – სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საღამომ საზოგადოების ერთიანობისა და სოლიდარობის ძალა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა.
მისი თქმით, 15 წლის ნიკოლოზ ქურასბედიანის მხარდასაჭერად გამართულ აქციაში უამრავი ადამიანი ჩაერთო და თითოეულმა მათგანმა „იმედის სინათლე შეიტანა ამ ბრძოლაში“.
„გუშინ გარდაბნის ცენტრალურ პარკში გამართულმა საქველმოქმედო ღონისძიებამ „ჩვენ ერთად ნიკოსთვის“ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რა უდიდესი ძალა აქვს საზოგადოების ერთიანობას, თანაგრძნობასა და სოლიდარობას“, – წერს დავით კარგარეთელი.
მერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მაცხოვრებლებს, სტუმრებს, კულტურულ და ქორეოგრაფიულ ანსამბლებს, მუსიკალურ სტუდიებსა და სოლო შემსრულებლებს,გარდაბნის მერიის ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივისა და ორგანიზებისთვის, ასევე გიორგი შინჯიკაშვილს, რომლის ფინანსურმა მხარდაჭერამ ნიკოლოზისთვის საჭირო თანხების მობილიზებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.