გურიის რეგიონში სტიქიის შედეგებთან გამკლავების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა შესაბამისი საინჟინრო და მუხლუხებიანი სპეციალური ტექნიკით უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს სამუშაოებს
სამხედროები ტერიტორიების დრონებით რეკოგნოსცირებას ახორციელებენ და საჭიროების შემთხვევაში, საკოორდინაციო შტაბთან კოორდინაციით, ოპერატიულად ეხმარებიან მოსახლეობას. ელექტროგადამცემების დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში კი, კოორდინაციაში არიან „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან.
დასავლეთის სარდლობის სამხედრო-საინჟინრო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები კი, გზის თოვლის საფარისგან გაწმენდას საინჟინრო და მუხლუხებიანი სპეციალური ტექნიკით ახორციელებენ.
სამხედროებთან ერთად ადგილზე იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელები, მთავრობის წევრებთან ერთად, პრემიერის მიერ შექმნილი საკოორდინაციო შტაბის მუშაობაში მონაწილეობენ.