გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე ეწვია პურის ქარხანას „იფქლი დიღომი“ და ადგილზე გაეცნო წარმოების პროცესს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე პურის ქარხანაში „იფქლი დიღომი“ საწარმოო პროცესს გაეცნო. მინისტრის მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის კონსულტანტი ომარ კაჭარავა.
„იფქლი დიღომი“ ქართული პურის ექსპორტს ისრაელში ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენლებმა მინისტრის მოადგილეს პურის წარმოების ტექნოლოგიური ხაზი და ის პროცედურები გააცნეს, რომელიც პროდუქციის ექსპორტზე გატანის საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად დაინერგა.
🔹 კომპანია ქართულ პურს უკვე მესამედ ახორციელებს ექსპორტს ისრაელში
🔹 წარმოების პროცესი საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს
🔹 სპეციალური ტექნოლოგიით მზადდება მაღალი მოთხოვნის მქონე პური
„ეს მხოლოდ დასაწყისია დიდი წარმატების. იმედია, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა პურის ექსპორტში კიდევ უფრო წარმატებული იქნება“ – განაცხადა ლაშა დოლიძემ.
„იფქლი დიღომი“ პირველია, ვინც პურის ექსპორტს ახორციელებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ექსპორტისათვის პროდუქციამ ისრაელის ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ მოთხოვნილი ყველა სტანდარტი დააკმაყოფილა და აკრედიტაცია გაიარა. ქართული კომპანიის პური ისრაელის სუპერმარკეტების ქსელში იყიდება.