გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მთავრობის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მეორე მოსმენით იმსჯელა.


კანონპროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ წარადგინა.


კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის მე-18 მუხლის განახლებული ვერსიით ჩამოყალიბებას, კერძოდ ცვლილების შედეგად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი ორგანო აუქციონის გამართვამდე აქვეყნებს ვებგვერდზე http://www.eauction.ge. ინფორმაციის გავრცელებისათვის ასევე შესაძლებელია გამოყენებული იყოს სხვა საშუალებებიც.


მომხსენებლის შეფასებით, კანონპროექტის მიღებით შეიქმნება სამართლებრივი მექანიზმი იმისათვის, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მიღებით დაინტერესებულმა პირებმა ლიცენზია უფრო მოკლე ვადაში მიიღონ, ვიდრე ეს მოქმედი რეგულაციებით არის შესაძლებელი.


სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განმარტა, რომ კანონპროექტის მიღების შედეგად მოხდება ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობის სფეროში პასუხისმგებლობის გამკაცრება, რასაც შემაკავებელი ეფექტი ექნება და რამაც თავის მხრივ ხე-ტყის უკანონოდ სარგებლობის სფეროში მდგომარეობის გამოსწორება უნდა განაპირობოს. კერძოდ, კანონპროექტის შესაბამისად სახერხ საამქროში მრგვალი ხეტყის (მორის) სახერხი ანდა თერმული დამუშავების დანადგარის ანდა მოწყობილობის რეგისტრაციის გარეშე მონტაჟისათვის მკაცრდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ნაცვლად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთისა განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთა ერთიდან სამ წლამდე ვადით, ხოლო იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენისათვის კი ერთიდან ორ წლამდე ვადა იცვლება სამიდან ხუთ წლამდე ვადით.


ხოლო იურიდიული პირის პასუხისმგებლობის ნაწილში იზრდება საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ვადა და ნაცვლად სამ წლამდე ვადისა განისაზღვრება 5 წლამდე ვადით.


აღნიშნულიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილება ხორციელდება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“.


კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტებს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading