განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

მომხსენებელმა გასული წლის ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებსა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე ისაუბრა.

„გასულ წელს ჩვენ ბიუჯეტი დავგეგმეთ 5.2%-ის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე. თუმცა, რეალურად ეკონომიკური ზრდის ტემპი უფრო მაღალი იყო, ვიდრე ეს თავიდან გვქონდა დაგეგმილი. შესაბამისად, საბოლოო პროგნოზი ეკონომიკური ზრდის იყო 9% ნაცვლად 5.2%-ისა. საგადასახადო შემოსავლებიც გაიზარდა 23 მილიარდ 260 მილიონ ლარამდე, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი განისაზღვრა 90.9 მილიარდი ლარის ოდენობით. მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა შესაძლებლობა წლის მეორე ნახევარში ბიუჯეტი შეგვეცვალა. დაახლოებით 900 მილიონით გავზარდეთ ბიუჯეტის მოცულობა და სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობამ 26 მილიარდ ლარს მიაღწია“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისი თქმით, ერთ-ერთი მიმართულება, რომელმაც მაღალი ეკონომიკური ზრდა განაპირობა საგარეო სექტორი იყო.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, გასულ წელს საგარეო ვაჭრობა გაიზარდა 8.3%-ით და 23 მილიარდ 484 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

ასევე გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი და 4 მილიარდ 425 მილიონი დოლარი შეადგინა.

მინისტრის მოადგილემ სამინისტროების მიერ ბიუჯეტის ათვისებისა და შესრულების ნაწილზე საუბრისას განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის, კულტურისა და სპორტის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროებზე.

„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილში, ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების პროგრამებზე შესრულების მაჩვენებელი 100% ან უფრო მაღალია“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

გიორგი კაკაურიძემ ასევე ისაუბრა 2025 წლის ეკონომიკურ დინამიკაზე და მომდევნო 4 წლის ძირითად მაკროეკონომიკური პროგნოზებზე.

კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading