,,ბოლო თვეებში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდა, მიუხედავად კორუფციისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დროებით შეჩერებისა. მომავალ წელს ეკონომიკა დაკარგულის ოდენობას ორჯერ დააბრუნებს”-პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბოლო თვეებში ეკონომიკის მაღალი ტემპი შენარჩუნდა, მიუხედავად კორუფციასთან ბრძოლისა და რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის დროებით შეჩერებისა.
➡ პრემიერის თქმით, რაც წელს კორუფციის აღმოფხვრის ხარჯზე დაკარგა ეკონომიკამ, მომავალ წელს ერთი ორად დაუბრუნდება.
„ბოლო თვეებში, ჩვენ შევძელით ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება იმ პირობებში, რომ კორუფციასთან და კარტელურ გარიგებებთან ბრძოლის ფონზე, მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების დროებით შეჩერება მოგვიწია. ეს ფაქტი, გარკვეულწილად, აისახა თვეების მიხედვით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, თუმცა რაც წელს დააკლდა კორუფციის აღმოფხვრისა და კონკურენციის გაჯანსაღების ხარჯზე, მომავალ წელს ეკონომიკას ერთი ორად დაემატება. ენერგეტიკის, რკინიგზის, ინფრასტრუქტურის სხვა სფეროებში არაჯანსაღი პრაქტიკების აღმოფხვრა ხელს შეუწყობს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და მომავალ წელს ეს ზრდის ტემპს პირდაპირ დაეტყობა. ყველა პროექტი, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად და უზრუნველყოფილი იქნება პროექტების მაღალი ხარისხი. ამაზე საქართველოს მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს“, – განაცხადა კობახიძემ.