ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში წყალმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის მენეჯერს კახა ჩოგოვაძეს, ტექნიკური განყოფილების მენეჯერს ზურა გობეჯიშვილსა და ბოლნისის სერვისცენტრის მენეჯერს გია ყიფიანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე წყალმომარაგების სისტემების პროექტებზე ისაუბრეს. კერძოდ, უკვე დასრულდა სოფელ რატევნისა და ტანძიის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი.
პროექტის ფარგლებში, სოფელ რატევანში რეაბილიტირდა, ხოლო ტანძიაში აშენდა ახალი რეზერვუარი და საქლორატორო, მოეწყო წყალმომარაგების ახალი ქსელი და მაგისტრალური მილი. ასევე, რეაბილიტირდა სათავე ნაგებობა, საიდანაც მოხდება სოფლების წყალმომარაგებით უზრუნველყოფა.
უახლოეს პერიოდში სოფელ ტანძიაში დაიწყება აბონენტების ცენტრალურ ქსელთან დაერთების პროცესი, გაიტესტება აღნიშნული ქსელი და ექსპლუატაციაში გაეშვება, რის შედეგადაც ადგილობრივები სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებენ.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს დაბა თამარისსა და სოფელ ფარიზში არსებული წყლის საკითხი. კერძოდ, რამდენიმე დღის წინ ქოლაგირის სატუმბო სადგურის ტუმბო აგრეგატის დაზიანების გამო დაბა თამარისისა და სოფელ ფარიზის მოსახლეობას არ მიეწოდებოდა სასმელი წყალი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი აგრეგატის მონტაჟი, რომელიც აღნიშნულ დასახლებებში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასმელი წყლის მიწოდებას.
შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პაპუნა მუშკუდიანი, მერის წარმომადგენლები სოფელ ტანძიის, რატევნისა და ზვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში ავთანდილ გაბლიანი და მამუკა ჩაჩანიძე, ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები შერმადინ დადვანი და გიორგი ლომიძე ესწრებოდნენ.




