ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძემ, მერის პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან ერთად, 2022 წელს გუდაურთან ტრაგიკულად დაღუპული გმირის, გიორგი მარგიანის, ხსოვნას პატივი მიაგო და სოფელ ტანძიაში გიორგი მარგიანის საფლავი გვირგვინით შეამკო.
„გიორგი მარგიანისა და მისი თანამებრძოლების გმირობა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება. მათი თავდადება, პროფესიონალიზმი და სამშობლოს სამსახურში გაღებული უდიდესი მსხვერპლი თითოეული ჩვენგანისთვის ღირსების, პასუხისმგებლობისა და პატრიოტიზმის მაგალითია. ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი გიორგი მარგიანის ოჯახს იმ გმირის აღზრდისთვის, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე ადამიანების გადარჩენასა და სამშობლოს სამსახურს შესწირა,“ – აღნიშნა გიორგი სვანიძემ.
გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს ასევე ტანძიის მაჟორიტარმა შერმადინ დადვანმა და მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა გიორგი გასვიანმა.
2022 წლის 29 ივლისს გუდაურთან სამაშველო ოპერაციის შესრულებისას სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი რვავე პირი დაიღუპა. მათ შორის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველი გიორგი მარგიანი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს I ხარისხის მედლით დაჯილდოვდა.