ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან ერთად საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე გიორგი გიორგობიანსა და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.


სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს დაბა კაზრეთის, სოფელ ბალიჭისა და სოფელ ტანძიის წყალმომარაგებასთან დაკავშირებული საკითხები, იმსჯელეს მოსახლეობისთვის უწყვეტი და ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდების უზრუნველყოფისა და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ბოლნისში წყალარინების სისტემის პროექტის მიმდინარეობა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ დასრულდა. შედეგად, ქალაქის გარკვეულ ნაწილში მოწყობილი ახალი ქსელი დღემდე დაუსრულებელია და ექსპლუატაციაში არ არის მიღებული.


კომპანიის წარმომადგენლების თქმით, იმისათვის, რომ მოსახლეობამ სრულფასოვანი მომსახურებით სარგებლობა შეძლოს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება შემდგომი სამშენებლო სამუშაოების გაგრძელებისა და დასრულების მიზნით. ვიდრე საკითხი სრულად გადაიჭრება, მხარეებმა, ასევე, დროებითი გამოსავლის გზებზე იმსჯელეს.
სამუშაო შეხვედრას, ასევე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი გასვიანი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გიორგი ღიბრაძე და ადგილობრივი თვითმმართველობისა და გაერთიანებული წყალმომარაგების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
