ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი იძულებისა და ძალადობის ბრალდებით თურქეთის სამი მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი იძულების, ძალადობისა და დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში, თურქეთის მოქალაქეს – 2007 წელს დაბადებულ ა.ა.-ს, მოტყუებით და მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩამოართვეს მობილური ტელეფონი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. დაკავებულები დაზარალებულს ცემითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ერთ-ერთ ბანკში მათ სასარგებლოდ ანგარიშის გახსნას აიძულებდნენ და უზღუდავდნენ საცხოვრებლის დამოუკიდებლად დატოვების შესაძლებლობას.
სამართალდამცველებმა ინფორმაციის მიღებისთანავე ჩაატარეს შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები და სამივე პირი დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 126-ე და 363-ე მუხლებით.