“აწარმოე საქართველოში“ 10 წელისაა

“სააგენტო “აწარმოე საქართველოში“ 10 წელია, რაც შეიქმნა და ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. მისი ძირითადი საქმიანობაა მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა, ინვესტიციების მოზიდვა და ექსპორტის ხელშეწყობა. დღეს სააგენტო ინსტიტუციურად ისე განვითარდა, რომ საკუთარი გამოცდილების ექსპორტი დაიწყო”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, სადაც მთავარი საკითხი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ანგარიშისა და სამომავლო საქმიანობის გაცნობა იყო.

როგორც გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ იმ დროს ჩამოყალიბდა, როდესაც ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პოლიტიკა, ფაქტობრივად, არ არსებობდა. 2024 წელს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ავტორიტეტული კვლევის SME Police Index-ის თანახმად, საქართველო 12 კრიტერიუმიდან 11-ის მიხედვით ლიდერია როგორც სამეზობლოს, ისე ფართო რეგიონის ქვეყნებს შორის.

მისივე თქმით, დღეს ქვეყანას აქვს მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის პოლიტიკის დოკუმენტი, განვითარების 5-წლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. OECD-ის ამ აღიარებაში დიდი წვლილი მიუძღვის იმ პროგრამებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით ახორციელებს.

მინისტრის მოადგილემ ასევე აქცენტი გააკეთა პროგრამებზე, რომლებსაც სააგენტო კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით ახორციელებს. „ჩვენ შარშან დავიწყეთ ახალი პროგრამა, რომელიც მორგებულია მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებზე და სავალო ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ამ კუთხით, რამდენიმე ასეული მილიონის განთავსება უკვე მოხერხდა. ველოდებით, რომ წელს მოხდება ნახევარი მილიარდის პორტფელის დამატებით განთავსება. ასევე მიმდინარეობს მუშაობა აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების განვითარებაზე. პარლამენტი უკვე განიხილავს კანონპროექტს ფაქტორინგის შესახებ. ჩვენ დეპუტატებს ასევე წარვუდგინეთ ცვლილებების პაკეტი ინოვაციების შესახებ კანონში. ამით გვინდა წავახალისოთ ინვესტირება როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორის მხრიდან კვლევებსა და განვითარებაში,“ – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

კომიტეტის გასვლით სხდომაზე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე პრეზენტაცია უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა გააკეთა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading