აშშ-ში 22 წლის ქართველ მამაკაცზე ძებნა გამოცხადდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში 22 წლის ქართველ მამაკაცზე, რობა გასიტაშვილზე, ძებნა გამოცხადდა. ინფორმაციას CBS NEWS ავრცელებს.
პენსილვანიის შტატის პოლიციის პრესრელიზის თანახმად, გასიტაშვილს ბრალი ედება მკვლელობის მცდელობაში, დამამძიმებელ გარემოებებში თავდასხმაში და გაუფრთხილებლობით სხვა პირის საფრთხეში ჩაგდებაში.
პოლიციის ინფორმაციით, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ 2026 წლის 1 იანვარს, დაახლოებით 02:00 საათზე, თეთრი ფერის Volkswagen სედანი ბასტლეტონ პაიკზე მდებარე Hive Lounge-ის ავტოსადგომზე მოძრაობდა, რა დროსაც ავტომობილი სამ ქვეითს დაეჯახა. კიდევ ორმა პირმა შემთხვევით შეძლო დაჯახების თავიდან არიდება.
შემთხვევის შემდეგ მძღოლმა ავტომობილი არ გააჩერა და ავტოსადგომზე ფეხით მოსიარულეების გარშემო მაღალი სიჩქარით წრეზე მოძრაობა გააგრძელა. პოლიციის განცხადებით, მძღოლი რამდენჯერმე მიუახლოვდა ქვეითებს, რომლებმაც დაჯახებას ძლივს აარიდეს თავი.
ადგილზე გამოძახებულმა სამართალდამცველებმა ავტოსადგომზე 29 წლის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მას თავისა და სახის მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიღებული. დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კიდევ ორი დაშავებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.
პოლიციის ცნობით, ავტომობილი მოგვიანებით ახლომდებარე მაღაზიასთან იპოვეს. მანქანა რობა გასიტაშვილის სახელზეა რეგისტრირებული, ხოლო სამართალდამცველები ამ დრომდე მის ადგილსამყოფელს ეძებენ.