ჯაზის ქართველი ლეგენდა 90 წლისაა
გიული ჩოხელი ქართველი მომღერალი, საბჭოთა კავშირში პირველი ჯაზ-მომღერალი ქალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ხელოვნების ქურუმის ჯილდოს მფლობელი და თბილისის საპატიო მოქალაქე.
გიული ჩოხელი დაიბადა 1935 წლის 12 თებერვალს, თბილისში. ჩოხელის სასიმღერო კარიერა 1950-იანი წლების შუაში დაიწყო. ის მალევე გახდა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი წამყვანი ჯაზ-მომღერალი ქალი. მისმა პოპულარობამ პიკს 1960-იანი წლების მეორე ნახევარში მიაღწია სოპოტის პოპ-ფესტივალზე შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ. ფირფიტების ჩაწერა 1970-იან წლებში დაიწყო. მისი პირველი ნამუშევარი პოლონეთში ჩაიწერა და გამოიცა. 1970-80-იან წლებში ჩოხელმა საკმაოდ ბევრი ფირფიტა გამოსცა; ძირითადად ეს ფირფიტები იქამდე არსებული ჩანაწერების კომპილაციები იყო.
2015 წლის 28 მარტს, თბილისის “ივენთჰოლში” გიული ჩოხელის საიუბილეო საღამო გაიმართა და მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.[2] იმავე დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გიული ჩოხელს სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.[3] 2018 წლის 7 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებულ გალა-კონცერტზე, გაიმართა თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია, სადაც 15 ცნობილ ადამიანთან ერთად, თბილისის მერმა კახი კალაძემ გიული ჩოხელი თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებით დააჯილდოვა.

