ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონები სამშობლოში დაბრუნდნენ
უნგრეთში გამართულ ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიომატში ისტორიაში პირველად საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეულმა ნაკრებმა მსოფლიოს პირველობაზე ჩემპიონობა იზეიმა, ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) კი გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მოპოვება შეძლო.
ისტორიული წარმატების მისალოცად სპორტსმენებს აეროპორტში სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები დახვდნენ გულშემატკივრებთან და ახლობლებთან ერთად.
გუნდური ასპარეზობის ფინალში ქართველმა სპორტსმენებმა სამხრეთ კორეის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხეს. ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გუნდს 4:1 სძლია, იტალიას მშრალი ანგარიშით 4:0 მოუგო, ნახევარფინალში კი მსოფლიოს ზედიზედ შვიდგზის ჩემპიონი 4:2 დაამარცხა. საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც შერეული გუნდური ტურნირის მოგება იაპონიის შემდეგ მოახერხა, ასევე საქართველო ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც ეს ტიტული დაისაკუთრა.
ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში სულ ოთხი მედალი მოიპოვეს – ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ვერცხლს დასჯერდნენ, ბრინჯაოს მედალი კი ლუკა მაისურაძემ (-90 კგ) მოიპოვა.