შოთა ბერეკაშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს ბიზნესის სექტორში არსებული აქტუალური საკითხები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები, ასევე, აღინიშნა ბიზნეს სექტორის განვითარების პოტენციალი და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.
„დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ინტენსიურად მუშაობს მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმაზე. ამ პროცესის ფარგლებში, დღეს შედგა ჩვენი კომიტეტისა და BAG-ის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი გუნდის წარმომადგენლების შეხვედრა. ასოციაცია 130-მდე ბიზნეს ჯგუფს აერთიანებს, რაც ჯამში 1,200-ზე მეტ კომპანიას მოიცავს. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სრულყოფილი ინფორმაციის მიღებას საქართველოს წამყვანი ბიზნესების განწყობებზე, გეგმებსა და ინიციატივებზე. ეს საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ მიზანმიმართული და ეფექტური გადაწყვეტილებები ბიზნესისთვის წარმატებული საქმიანობის უზრუნველსაყოფად, რადგან საქართველოს გამარჯვება წარმატებულ ბიზნესსა და ეკონომიკაზე გადის“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე 10-მდე საინტერესო ინიციატივა გააჟღერეს, რომლებიც გათვალისწინებული იქნება კომიტეტის საქმიანობის წლიურ გეგმაში.
„ყველასთვის ნათელია, რომ დღევანდელ კონკურენტულ და გამოწვევებით სავსე გლობალურ გარემოში, ქვეყნის წარმატება და მდგრადი ეკონომიკური განვითარება მხოლოდ ბიზნესისა და საჯარო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობით არის შესაძლებელი“, – აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.




