სოფიკო ჭიაურელს 89 წელი შეუსრულდებოდა

სოფიკო ჭიაურელი 1937 წლის 21 მაისს ლეგენდარული მსახიობის, ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში დაიბადა.

1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (ბ. ბიბიკოვის სტუდია).

1960-64 წლებში და 1968 წლიდან კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის, ხოლო 1964-68 წლებში – რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. მიღებული ჰქონდა არაერთი საერთაშორისო პრემია და ჯილდო.

სოფიკო ჭიაურელს 40-ზე მეტ სპექტაკლსა და 20-ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

სოფიკო ჭიაურელმა თეატრსა და კინოში არაერთი საინტერესო და სახასიათო როლი შექმნა. იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და ვერიკო ანჯაფარიძის ერთი მსახიობის თეატრის მსახიობი. მონაწილეობდა ასზე მეტ კინოფილმში, შესრულებული აქვს ისეთი ცნობილი როლები, როგორიცაა: ვარდო – „ვერის უბნის მელოდიები”, ფუფალა – „ნატვრის ხე“, სოფიკო – „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე, ლალი – „ამბავი ერთი ქალიშვილისა“, ნანო – „დათა თუთაშხია“ და სხვა. მსახიობმა სერგო ფარაჯანოვის ფილმში „ბროწეულის ფერი” ერთდროულად ექვსი გმირი განასახიერა.

საქართველოსა და სომხეთის სახალხო არტისტს მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო პრემია და ჯილდო, მათ შორის: საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და ვერიკო ანჯაფარიძის, შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილისა და ნოდარ ჩხეიძის სახელობის პრემიები. ქართველი მსახიობი ასევე ღირსების ორდენის კავალერი გახლდათ.

სოფიკო ჭიაურელი ერთადერთი საბჭოთა მსახიობია, რომელიც საერთაშორისო კონკურსებზე შვიდჯერ დაჯილდოვდა პრემიით „საუკეთესო ქალის როლისთვის”. 2007 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ სოფიკო ჭიაურელის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა, ხოლო 2013 წელს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნების სასახლეში – კულტურის ისტორიის მუზეუმში სოფიკო ჭიაურელის ჰორელიეფი გაიხსნა.

გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 2008 წლის 2 მარტს თბილისში, 71 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში, მეუღლის – კოტე მახარაძის გვერდით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading