საქართველოს წარმატებული გამოსვლა ჭაბუკთა ძიუდოს ჩემპიონატზე – 7 მედალი და გუნდური ბრინჯაო
საქართველომ ჭაბუკთა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი შვიდი ინდივიდუალური მედლითა და გუნდურ ასპარეზობაში მესამე ადგილით დაასრულა
მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. საქართველომ შერეულ გუნდურ ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ქართველებმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში პოლონეთის ნაკრები 4:0 დაამარცხეს.
ინდივიდუალურ ასპარეზობაში კი ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონობა ქეთი რობაქიძემ (-70) და გიორგი მუმლაძემ (-81) იზეიმეს, ვიცე-ჩემპიონი ცოტნე იჩქიტიძე (-60) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი ნანა გულბიანმა (-63), ვასილ გამეზარდაშვილმა (-73), გიორგი ქარჩაიძემ(+90) და იოანე აბალაკმა (+90) მოიპოვეს.
ახალგაზრდა ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.


