საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განმარტებით, კანონს ემატება მუხლები, რომლებიც სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევაზე ავტორიზაციასთან დაკავშირებულ დებულებებს დაარეგულირებს. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საქმიანობისთვის აუცილებელი იქნება სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევაზე ავტორიზაცია.
სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევაზე ავტორიზაციას გასცემს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული სააგენტო, ხოლო საავიაციო საქმიანობებისთვის სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევაზე ავტორიზაციას გასცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.