პოლიციამ ჯგუფურად განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, ყაზახეთის რესპუბლიკის 9 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისი პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, ყაზახეთის რესპუბლიკის 9 მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დანაშაულებრივი გეგმა შეიმუშავეს და ყაზახეთის მოქალაქეს – 2004 წელს დაბადებულ დ.ა.-ს – თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და 30 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხრავე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.