მწერალთა სახლში ავტორ გიორგი ყარყარაშვილის წიგნის „სამშობლოს ამარა“ წარდგენა გაიმართა
5 მარტს მწერალთა სახლში „შეხვედრები მუზა 2024-ის ლაურეატებთან“ ფარგლებში, საუკეთესო დოკუმენტური პროზის ნომინაციაში გამარჯვებულ ავტორ გიორგი ყარყარაშვილის წიგნის „სამშობლოს ამარა“ წარდგენა გაიმართა.
წარდგენას მოდერაციას უწევდა „მუზა 2024“-ის ჟიურის თავმჯდომარე, ლიტერატურათმცოდნე მანანა კვაჭანტირაძე. თავის სიტყვაში მან ყურადღება გაამახვილა გიორგი ყარყარაშვილის ნაწარმოების მნიშვნელობაზე და ავტორის მიერ გადმოცემული ისტორიული რეალობის შესახებ.
„სამშობლოს ამარა“ ავტობიოგრაფიული ხასიათის წიგნია, რომელშიც ავტორი 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომის დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს საკუთარი რაკურსიდან წარმოგვიდგენს. წიგნში აღწერილი ამბები ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და ტრაგიკულ პერიოდს ასახავს.
წიგნის წარდგენისას სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე, პოეტი დავით მაღრაძე, პოლიტიკოსი ირაკლი ბათიაშვილი, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი, პოეტი, პროზაიკოსი და ესეისტი დავით შემოქმედელი, და საღამოს სხვა სტუმრები, რომლებმაც აუდიტორიას გაუზიარეს საკუთარი შეხედულებები წიგნის შესახებ და ისაუბრეს გიორგი ყარყარაშვილის პერსონის ირგვლივ. განსაკუთრებულად აღინიშნა წიგნის დოკუმენტური ხასიათი და მისი ცოცხალი შინაარსი.
გიორგი ყარყარაშვილმა ასევე დააანონსა წიგნის მეორე ნაწილი, სადაც გაერთიანებული იქნება ისტორიები, რომლებიც პირველ წიგნში ვერ მოხვდა.
მწერალთა სახლი/Writers’ House of Georgia




