იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი განიხილა, რომელიც სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა წარადგინა.


პროექტებით, ახლებურად წესრიგდება სააგენტოს საქმიანობასთან და უფლებამოსილებებთან, სააგენტოს შემადგენლობასთან, ორგანიზებასა და სტრუქტურასთან, სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობასთან, მის სამართლებრივი დაცვის გარანტიებთან და სააგენტოს დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები.


მომხსენებლის განმარტებით, დაზვერვის სამსახური გარდაიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქვეუწყებო დაწესებულებად და მისი სახელწოდება იქნება ეროვნული სადაზვერვო სააგენტო, რომლის უფროსს და მოადგილეს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.


„ეროვნული სადაზვერვო სააგენტო ანგარიშვალდებული იქნება უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წინაშე. ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს სამსახურის ზედამხედველობას ასევე განახორციელებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი“, – განაცხადა მომხსენებელმა.


მისივე განმარტებით, ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია სრულად ასახული იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოველწლიურ ანგარიშში და ეს ანგარიში საქართველოს პარლამენტს, ყოველწლიურად, არაუგვიანეს 15 აპრილისა წარედგინება.


ასევე, ყოველწლიურად, არაუგვიანეს 15 აპრილისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი პარლამენტის ნდობის ჯგუფს ანალოგიურად წარუდგეს მოხსენებას წინა წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ მათ შორის, ეროვნული სადაზვერვო საქმიანობის სფეროში.


მომხსენებლის ინფორმაციით, ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების გამოყენებას და ხარჯვას სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეამოწმებს. უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, სააგენტოს უფროსის წარდგინებით, დაამტკიცებს სააგენტოს დებულებას, საშტატო განრიგსა და სააგენტოში მომუშავეთა რიცხოვნობას, ასევე, სააგენტოში სამსახურის გავლის წესს.


„ეს საქვეუწყებო დაწესებულება საკმაოდ დიდ ავტონომიურობას ინარჩუნებს. მას კონტინგენტის შერჩევის განსხვავებული წესი ექნება“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.


საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს მოსამსახურეებს ექნებათ ისეთი მაღალი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები, როგორც დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს ამჟამად აქვთ.


„კარგად გვესმის ის გამოწვევები, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. ფართო ავტონომიის პირობებში, საქართველოს უსაფრთხოების წარმატებული საქმიანობისათვის, აუცილებელია არსებული რესურსების გაერთიანება“, – განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა.


​საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, არჩილ გორდულაძე, რატი იონათამიშვილი, იოსებ ჯორბენაძე, გრეტა წიწავა, ზვიად შალამბერიძე და ვიქტორ ჯაფარიძე არიან.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading