გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე იმსჯელა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა.
კანონპროექტის თანახმად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო მართვის კომპეტენციას დაემატება სასარგებლო წიაღისეულის (გარდა ნავთობისა და გაზისა) მართვა და კონტროლის განხორციელება.
კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განმარტებით, პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ახლახან პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, წიაღის მართვის საკითხი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში ბრუნდება.
„სწორედ აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე გახდა აუცილებელი ტექნიკური ხასიათის ცვლილების შეტანა „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონის 57-ე მუხლში, რომელიც მარეგულირებელ და ინსპექტირების განმახორციელებელ ორგანოს – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ეხება. წარმოდგენილი ცვლილება ერთმანეთისგან მიჯნავს სახელმწიფო კონტროლს წიაღით სარგებლობაზე და ნავთობისა და გაზის რეგულირებაზე, რომელიც კვლავ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის ქვეშ რჩება“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტს.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.