განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „უმაღლესი განათლების შესახებ’’ კანონში ცვლილებაზე მეორე მოსმენით იმსჯელა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „უმაღლესი განათლების შესახებ’’ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.

მომხსენებლის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის გიორგი ჯინჭარაძის თქმით, ცვლილება ითვალისწინებს იმ პირთა წრის გაფართოებას, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხონ.

ცვლილებების თანახმად, სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების წევრებს, რომლებიც გახდებიან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების (მათ შორის პარასპორტის სახეობებში) ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალოსნები, ხოლო სპორტის სათამაშო გუნდურ სახეობებში ეროვნული ნაკრები გუნდის იმ წევრებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიურ თამაშებში, პარალიმპიურ თამაშებში ან მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატების (მათ შორის პარასპორტის სახეობებში) ფინალურ ტურნირებში ან/და მოიპოვებენ მითითებულ შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლებას, მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, უპირობოდ ჩაირიცხონ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, ცვლილება ასევე გავრცელდება იმ სპორტსმენებზე, რომლებიც ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირობით არიან ჩარიცხულები. ამასთან, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის წესი შეიძლება გავრცელდეს სპორტის მხოლოდ იმ სახეობებზე, რომელთა ეროვნული სპორტული ორგანიზაცია აღიარებულია სპორტის სამინისტროს მიერ.

მისივე თქმით, ცვლილება არ შეეხება იმ პირებს, რომლებსაც სურთ მიიღონ სასწავლო გრანტი.

„იმ სპორტსმენებს, რომლებსაც ექნებათ სურვილი მოიპოვონ სასწავლო გრანტი, მათ ექნებათ ვალდებულება, ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading